Friday, April 8, 2011

ბუნებრივი კატაკლიზმები








კატასტროფის პროგნოზი და მისი ეპიცენტრის დადგენა შეუძლებელია“
რა იწვევს ბუნებრივ კატაკლიზმებს, ამის თქმა შეუძლებელია, რადგან პასუხი მეცნიერებს არ აქვთ. ასტროფიზიკოსი გია მაჩაბელი ამბობს, რომ მოსალოდნელი ბუნებრივი კატასტროფების პროგნოზი და მისი ეპიცენტრის დადგენა რამდენიმე დღით არდე შეუძლებელია.
გია მაჩაბელი: „არ არის გამორიცხული, მიწისძვრების ამპლიტუდები იმასთანაც იყოს დაკავშირებული, რომ მას დაუსრულებლად ვაცარიელებთ. გვინდა კარგი ცხოვრება, სითბო, საწვავი, მაგრამ ისიც ცხადია, რომ ეს  პლანეტა სიცარიელეს ვერ იტანს და ცდილობს, თავად დააბალანსოს. იაპონიაში მომხდარ მიწისძვრასა და ცუნამიზე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ეს იყო ბუნებრივი მოვლენა, დიდი მსხვერპლითა და ტრაგედიით. შესაძლებელი იყო თუ არა ამის თავიდან აცილება, ძნელი სათქმელია, რადგან მოსალოდნელი ბუნებრივი მოვლენის რამდენიმე დღით ადრე პროგნოზირება შეუძლებელია. ამისთვის საჭიროა, მუდმივად ვიღებდეთ შესაბამის ინფორმაციას დედამიწის ყველა წერტილიდან“.
ფიზიკოსი ევგენი ვიგნერი ამბობდა: „მეცნიერება აღარ ვითარდება ისე, როგორც ეს ადრე იყო“. ის ფიქრობდა, რომ ფიზიკისა და ფსიქოლოგიის გაერთიანებით, გაცილებით მეტის გაგება გახდებოდა შესაძლებელი...

როგორც აღმოჩნდა, მეცნიერებს მზეზე უფრო მეტი ინფორმაცია აქვთ, ვიდრე იმ პლანეტაზე, რომელზეც ვცხოვრობთ. ამბობენ, დედამიწაზე სიცოცხლე მაშინ გაქრება, როცა მზე ჩაქრებაო, ამ ყველაფერს კი 5 მილიარდი წლის შემდეგ ვარაუდობენ.
გია მაჩაბელი: პროგნოზები
– დედამიწა შედგება: ქერქისგან, ტეფტონური ფილებისგან და ლავისგან. როდესაც მიწისძვრა, ანუ ტეფტონური ფილების აცდენა ხდება, მას ქვემოდან წნევა აწვება. რა არის ამის გამომწვევი მიზეზი და საერთოდ, რა ხდება დედამიწის გულში, არ ვიცით, რადგან მისი რადიუსი 6400 კილომეტრია და ამ სიღრმეში ჩასვლა შეუძლებელია. ფაქტია, რომ გავარვარებული ლავა, რომელიც მაგნიტურ ველს ქმნის, მზის ქარისგან გვიცავს. ამის გარეშე დედამიწაზე სიცოცხლე არ იქნებოდა.
– ამბობენ, დედამიწა რამდენიმე სანტიმეტრით გადაიხარაო...
– ის ფაქტი, რომ დედამიწა რამდენიმე სანტიმეტრით ხან ერთ და ხან მეორე მხარეს იხრება, ბუნებრივი მოვლენაა. ასეთმა მცირედმა გადახრამ შეიძლება, უმნიშვნელოდ იმოქმედოს კლიმატზე.
– იმასაც ამბობენ, დღე-ღამის ხანგრძლივობა 1,6 მიკროწამით შემცირდა...
– არც ამაშია რაიმე საგანგაშო. ასეთი ფაქტები ყოველთვის ხდებოდა, უბრალოდ, ახლა უფრო საინტერესო გახდა ეს თემები. ბევრს ჰგონია, რომ დედამიწა მართლა ღერძზე ტრიალებს და ხშირად მეკითხებიან, შეიძლება მოწყდეს ღერძიდან? ამ კუთხით ჩვენს მოსახლეობას უფრო მეტი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ. საზოგადოების უმრავლესობამ არ ის იცის, რატომ არის დედამიწაზე წელიწადის დროები, სამაგიეროდ გალაკტიონის არცოდნა ესირცხვილებათ... მახსოვს რამდენიმე წლის წინათ დაცარიელებული თბილისის ქუჩები და მზის დაბნელების გამო დაპანიკებული მოსახლეობა. მინდა ვუთხრა ყველას, რომ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, რომელიც  არავითარ კატაკლიზმებს არ იწვევს. ამ დროს მზესა და დედამიწას შორის მთვარე დგება, ეს არის და ეს.
19 მარტს მთვარე დედამიწას მაქსიმალურად მიუახლოვდება და მოსალოდნელია ბუნებრივი კატაკლიზმებიო, ასეთ ინფორმაციას ავრცელებენ თქვენი კოლეგები. პანიკის შექმნა ჟურნალისტობა არ არის, პირიქით, ის უნდა დაწეროთ და გამოაცხადოთ, რაც რეალურადაა. მთვარის მოახლოება ჩვეულებრივი მოვლენაა, რომელიც პერიოდულად ხდება და ოკეანეების მიმოქცევაზე უმნიშვნელოდ აისახება. დაწყებულია თუ არა გლობალური დათბობა? ესეც ერთ-ერთი აქტუალური კითხვაა. შეგვიძლია, ვთქვათ, რომ რაღაც ხდება, მაგრამ ეს გლობალურია თუ არა, ძნელი სათქმელია. ცოტა ხნის წინ ოზონის ხვრელიც აქტუალური თემა იყო. დღეს ამაზე ისე აღარ საუბრობენ, რადგან ამჟამად ხვრელი შემცირებულია. ის ხან იზრდება და ხან მცირდება, ესეც ბუნებრივია.
რა ემუქრება საქართველოს? ამ კითხვას დღეს ბევრი მისვამს. ჩვენი გეოგრაფიული მდგომარეობა, კონკრეტულად კი კავკასიონის ქედი გამყინვარების შემთხვევაში ნამდვილად დაგვიცავს, მაგრამ, თუ დედამიწა დაიღუპება, გლობალური პრობლემა არც ჩვენ აგვცდება.
პროგნოზები

No comments:

Post a Comment